თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში 2024
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში დასრულდა. ტურნირი 30 სექტემბერს დაიწყო და მასში კომპანიის შიდა სტრუქტურული ერთეულების 9 გუნდი მონაწილეობდა. ორ ჯგუფში გადანაწილებული გუნდებიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულები ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდნენ.
ფინალური თამაშები 18 ოქტომბერს გაიმართა. მატჩში მესამე ადგილისთვის „ერთობა 2013“-მა ელ. დეპო გლდანის საფეხბურთო გუნდი ანგარიშით 7:5 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.
ფინალში ერთმანეთს სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა და სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურების საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის გუნდმა ანგარიშით 8:3 მოიგო და შეინარჩუნა სატრანსპორტო კომპანიის გამარჯვებულის ტიტული
ტურნირის ბომბარდირი, ასევე, სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის გუნდის მოთამაშე დიმიტრი დემურაშვილი გახდა, რომელმაც სულ 22 გოლი გაიტანა.
გამარჯვებული გუნდები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად დააჯილდოვა და გუნდებს ფულადი ჯილდო სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქართან ერთად გადასცა.